X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სოფელ გეგუთში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

2 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ეცნობა.

მინისტრი ახლად გახსნილ საბავშვო ბაღებს ეწვია სოფელ გეგუთსა და ქალაქ წყალტუბოში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში გაიხსნა 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად პასუხობს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხო გარემოში განვითარების მოთხოვნებს.

განახლებულ შენობაში მოწყობილია სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 2.4 მილიონი ლარი გამოყო.

სააღმზრდელო პროცესი განახლებულ ბაღში დღეს დაიწყო.

მინისტრთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.